თბილისში ბინაში, მკვლელობა მოხდა
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში, ერთი პირი მოკლეს. დანაშაული 1-ელ თებერვალს მოხდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს, რომელმაც დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ირკვევა, რომ ბრალდებული 3 თებერვალს დააკავეს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.” ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.