პარლამენტი ოპოზიციის გარეშე და ყაველაშვილის მოხსენებით იწყებს - “კომისია ნაცმოძრაობას” აკრძალავს
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე ახალი პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მუშაობას ხვალიდან იწყებს. საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება. ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.
პარლამენტს თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ყაველაშვილი მიმართავს. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის გარეშე მუშაობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მისივე ვარაუდით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე მარტო გავა.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" აპირებს, რომ ოპოზიციის გარეშე იფუნქციონიროს, ისინი დემოკრატიის ილუზიის შექმნას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოვიდათ.
როგორც ჩანს, „ოცნება" კმაყოფილია, რომ სიტუაციას მარტო მართავს, სხვანაირად კი ერჩივნა, თუმცა, არც ეს არაა ტრაგედია და არც არჩევნების და არც სხვა მიმართულებით დათმობას არ აპირებს.
ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, თუ მათ ვერ მოახერხეს მათზე ზემოქმედების მოხდენა, „ქართული ოცნება" ადგილობრივი არჩევნებისკენ წავა. ამ შემთხვევაში კომისია „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოიტანს დასკვნას და აკრძალავს. ანუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა" ვერ მიიღებს.
„ოცნებას" იმედი აქვს, რომ რადგან ის არ იქნება, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს გამოუცხადებენ ასეთ არჩევნებს, „ოცნება" მარტო იქნება და რამდენიმე სატელიტ პარტიას შეუშვებენ საკრებულოში. მათ არ უნდათ საკრებულოებში ოპოზიციის ყოფნა და მათი ამოცანაც ესაა. ამიტომ პარტიები კარგად უნდა დაფიქრდნენ, აპირებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ფაქტია, რომ „ოცნება" დათმობაზე წასვლას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამიტომ ყველაზე რეალური ეს ვარიანტია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის წარმომადგენლები პარლამენტში შევიდეს, რადგან, მისივე თქმით, ისინი ირიბად აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
„რასაკვირველია, პარლამენტი ოპოზიციის გარეშე იფუნქციონირებს და როგორც მე ვიცი, პარლამენტის წევრების რაოდენობა საკმარისია საკანონმდებლო უფლებამოსილების შესასრულებლად.
ოპოზიციას არ სურს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება, თუმცა მათი ზოგიერთი ნაწილი სახელმწიფო დაფინანსება იღებს. ამიტომ მათ უნდათ, თუ არა ისინი დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციას აღიარებენ.
უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობას აღიარებენ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ამავე დროს, ევროპის ქვეყნები და ევროსტრუქტურები, მაგალითად ის ყბადაღებული ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა.
ასე რომ, დიდად შემაწუხებელი არაა, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მაგრამ გამორიცხული არაა შევიდნენ კიდეც. მე არსებითად ნორმალურად მიმაჩნია პარლამენტის ფუნქციონირება იმ სახით, როგორიც ახლაა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".