„პოლიციას უთქვამს ამ გზით წასვლა არ შეიძლებაო... ისეთი დაპრესილი იყო მანქანა, საერთოდ როგორ ამოიყვანეს იქიდან ცხედრები, უმცროსი ბიჭის ამოცნობაც კი გაჭირდა" - როგორ მოხდა შემზარავი ავარია
კახეთში, უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მამას - რომან ოსიტაშვილს და მის ორ ვაჟს, ნიკოს და დათოს, ხვალ სურამში დაკრძალავენ.
ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილია და მათ სურამში ჰქონდათ ბინა.
სულისშემძვრელია გურჯაანში, კერძოდ, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბარჯისხევთან მოძრავი ტრაილერის თურქმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა და მსუბუქ ავტომობილებს დაეცა. როგორც თქვეს, ამ დროს ოსიტაშვილების ავტომობილი თავის ზოლში მოძრაობდა.
ადგილზეა გარდაცვლილი რომან ოსიტაშვილი, მისი ორი ვაჟი, ნიკა და დავითი, რომანის ქვისლი, დავით ჭუაძე და კლინიკაშია გადაყვანილი რომანის 20 წლის დისშვილი, რომელსაც დაზიანებები აქვს.
საჭესთან რომანის უმცროსი ვაჟი, 21 წლის დათო იჯდა, მას მამა კლინიკაში მიჰყავდა. რომან ოსიტაშვილს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა და ამიტომ შვილები, დისშვილი და ქვისლი მიჰყვებოდა კლინიკაში, სწორედ ამ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია.
ნინო ოსიტაშვილი, რომანის ბიძაშვილი:
- განადგურებულები ვართ ყველანი, ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ძალიან მიმძიმს ამ საშინელი ფაქტის გააზრებაც კი. სიტყვები უძლურია ამ დროს. რომან ოსიტაშვილი ჩემი ბიძაშვილია, ჩვენ სამაჩაბლოდან დევნილები ვართ, ზნაურიდან, სოფელ თიღვადან. რომანის მშობლები ცხინვალში ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში, როცა სამაჩაბლოს ომი დაიწყო, მოგვიწია იქაურობის დატოვება. შემდეგ ისევ დაბრუნდა ოჯახი ზნაურში, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხელახლა გახდნენ დევნილები, ოჯახთან ერთად საკუთარი სახლ-კარის დატოვება კვლავ მოუხდათ. თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად, რომანი ჯერ ბაღის შენობაში, პატარა ოთახში ცხოვრობდა, მერე პატარა ბინა მისცა სახელმწიფომ სურამში და იქ იყვნენ. სამი შვილი გაზარდეს - ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ძალიან ბევრს შრომობდნენ, რომ შვილებს ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონოდათ. ბიჭებმა სკოლა სურამში დაამთავრეს, ძალიან მშრომელი და კარგი შვილები გაზარდეს. რომანის მეუღლე, ხათუნა ახმეტიდან არის და რადგან კახეთში უფრო არის ფიზიკური სამუშაო, ოჯახმა გადაწყვიტა კახეთში საცხოვრებლად გადასვლა. ნათესავს დაკეტილი სახლი ჰქონდა, ის სახლი ათხოვა მათ და იქ ცხოვრობდნენ. ფიზიკურად მუშაობდა რომანი და ბავშვებიც რომ წამოიზარდნენ, მერე ისინიც სულ შრომაში იყვნენ.
მეოთხე წელია რომანის მეუღლე, ხათუნა იტალიაშია წასული სამუშაოდ, ისევ თავისი შვილების კარგი მომავლისთვის წავიდა და იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. როგორ უნდა ანუგეშო, რა უნდა უთხრა დედას, როცა მონატრებული შვილები, რომელთა ჩახუტებას ნატრობდა, ასეთ დღეში დახვდა. სიტყვები ვერ გადმოცემს იმას, რასაც განვიცდით ყველანი.
რომანი ახალგაზრდა, 47 წლის იყო, მას მოულოდნელად ფეხი დაეთრომბა და ოპერაცია გაუკეთეს, მერე ხელი დაეთრომბა, სულ დადიოდა ექიმებთან. ბოლოს, ექიმს უთქვამს ხელზეც უნდა გაგიკეთო ოპერაციაო, იმ საბედისწერო დღეს, როგორც იცით, საავადმყოფოში მიდიოდნენ ყველანი ერთად.
გომბორის გზით წასულან იმ დილით, სულ იქიდან დადიოდნენ ხოლმე, საჭესთან რომანის უმცროსი ვაჟი იჯდა, გომბორთან პოლიციას გაუჩერებია და უკან დაუბრუნებია მათი მანქანა. როგორც ვიცი, უამინდობის გამო მოაბრუნეს, თურმე კარგი ხილვადობა არ იყო გომბორზე და ამიტომ მოუწიათ სხვა გზით წასვლა. ბარჯისხევთან კი ეს ტრაგედია მოხდა.
ვიღაცას ვიდეო გადაუღია და სული შემეკუმშა, რომ ვნახე, როგორი დაპრესილია მანქანა, იქ გადარჩენის შანსი არ იყო, მიკვირს ან როგორ ამოიყვანეს იქიდან ცხედრები. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ეს უბედურება დაგვატყდა თავს. რომანის და მისი უმცროსი ბიჭის ამოცნობაც ჭირს, ისე არიან დაშავებულები.
რომანის დისშვილი ეტყობა შუაში იჯდა და გადარჩა, თუმცა ამ დრომდე მძიმეა მისი მდგომარეობა. გურჯაანის კლინიკაში, რეანიმაციაში წევს. ღმერთის იმედი გვაქვს, რომ გადარჩება. სამივეს ცხედარი ახმეტაში იყო დასვენებული, იმავე სოფელში ცხოვრობდა რომანის ქვისლიც, რომელსაც მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც გავიგეთ, ტრაილერის თურქი მძღოლი დააკავეს, ალბათ პასუხს აგებს ამ საშინელი ტრაგედიისთვის. მამას და შვილებს სურამში მივაბარებთ მიწას. ხათუნა და მისი გოგონა სურამში გადავლენ საცხოვრებლად. ასეთი სულისშემძვრელი, მწარე რეალობა გვაქვს. შოკში ვართ ყველანი...
ბიჭები დაოჯახებულები არ იყვნენ. უმცროსი, დათო 21 წლის იყო, უფროსი, ნიკა 25 წლის. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ და ეს უბედურება დატრიალდა. რომანის მშობლები ზნაურში არიან ახლაც, იქ ცხოვრობენ. ჩვენი ბებია იქ რომ გარდაგვეცვალა, გასვენებაშიც ვერ შევძელით ჩასვლა, რომანის მამამ, ბიძაჩემმა დაკრძალა ბებო. ახლა რომანის მამამ ვეღარ მოახერხა ზნაურიდან გამოსვლა და შვილის და შვილიშვილების დატირება. ბებიას, რომანის დედას აღმოაჩნდა საბუთი და მარტო ის გადმოვიდა საზღვარზე.
სული მეწვის.
დათო ჭუაძე თავის სოფელში დაკრძალეს, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა...
წყარო: კვირის პალიტრა