„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გიგი გნოლიძე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, მის ცხედარს კი მეგობრები ამ დრომდე ვერ პოულობენ. გნოლიძე დანაყოფ „თბილისელების“ წევრი იყო და ავდიივკაში, წინა ხაზზე იბრძოდა. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩავიდა და რთულ ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.
„კვირის პალიტრა“ შეეცადა გარკვევას, თუ რა ვითარებაში დაიღუპა გიგი და ვის ან რა მოტივით შეიძლებოდა მოეკლა. ამის გასარკვევად დაღუპულის ძმას - დიმა გნოლიძეს ესაუბრა.
რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, არის ის, რომ გიგი მოკლეს და მისი გვამი გაიტაცეს. მკვლელობის მიზეზებზე ათასნაირ ჭორ-მართალს გვიყვებიან, ზოგიერთი ისე აცდენილია რეალობას, მაშინვე ვხვდებით, რომ ტყუილია.
მე არც მკვლელობის მიზეზი მაინტერესებს და არც მოტივი, ჩემი უფროსი, გამზრდელი ძმის ცხედარი უნდა დავიბრუნო. ჯერ სხვა არაფერი მაინტერესებს, მერე დანარჩენსაც მივხედავ.
სულ ხუთი კაცი ყოფილა ბინაში, გვიანი ღამე იყო, სამს ეძინა, ერთი თავდასხმის მომენტში გარეთ ყოფილა გასული, ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული იყო (რამდენიმე თვის წინ მცირეწლოვანი შვილი დაეღუპა უკრაინაში) და მაცივართან მდგარა, დანარჩენ სამს ეძინა. „თბილისელების“ მეთაური - გოჩა ხორავა, 12 უკრაინელთან ერთად სროლით შევარდნილა სახლში და გიგის მიმართულებით უსვრია, ადგილზე მოუკლავს ჩემი ძმა.
ერთი ავტომატის ტარით ისე დაუჩეჩქვავთ, რომ კომაში ჩავარდა. ახლახან გავიგე, რომ გონებაზე მოვიდა. ვლოცულობ, რომ ეგ კაცი მალე გამოჯანმრთელდეს.
ერთისთვის, რომელსაც მე ვესაუბრე, ბოთლი ჩაურტყამთ თავში და გაუთიშავთ. მისი ნათქვამი დამიდასტურა კიდევ ერთმა იქ მყოფმა პიროვნებამ. მითხრა, რომ გიგის ნამდვილად ხორავამ ესროლა და მისი ცხედარი ნამდვილად გაიტაცა. მე მას ვკითხე, - შენ თუ ფეხზე იდექი და დაჭრილი არ იყავი, გიგის ცხედრის გატანის საშუალება რატომ მიეცი-მეთქი? - მითხრა, რომ ეძინა, ხმაურზე გაიღვიძა და იატაკზე დაგდებული გიგი დაინახა. თავი იმართლა, ხელყუმბარა გავხსენი და ხორავას კისერზე შევახტი, თან ვუყვიროდი, სასწრაფო გამოიძახე, თორემ ყველაფერს ავაფეთქებო, მაგრამ ვეღარ ავაფეთქე, ჩვენს ბიჭებსაც ხომ არ დავხოცავდიო. ხორავას უთქვამს, დააგდე იარაღი, შენთან არაფერი მესაქმებაო და თავის ბიჭებს უყვიროდა, ეს (გიგიზე) გაიტანეთ, დროზე, მანქანაში ჩადეთო.
საქმის ჩასაფარცხად, შეიტანდა ფრონტის ხაზზე და იტყოდა, რომ რუსებმა მოკლეს. თუმცა, არ გამოუვიდა, საქმე გაუსკდა.
მე როგორც ვიცი, ბიჭებს არ მოსწონდათ ხორავა, როგორც მეთაური. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრებიც ჰქონდათ და ფიზიკური დაპირისპირებაც, მაგრამ ამ ამბავში ჩემი ძმა საერთოდ არ იყო გარეული. უფრო მეტიც, გიგის "ფეისბუქის" გვერდზე ბოლო აქტივობა მაგ არაკაცთან ერთად გადაღებული ვიდეოების გაზიარებაა. არ ვიცი, რატომ მოკლა, ისიც არ ვიცი, უნდოდა თუ არა გიგის მოკვლა ან საერთოდ ვინმეს მოკვლა. ფაქტი ერთია, ჩემი ძმა მოკლა ხორავამ. ძალიან რთულია ჩემთვის ამ საკითხზე ფიქრი, მიჭირს მკვლელობის მიზეზი ახსნა.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა პირველი ქართველი არ არის, ვინც ხორავამ მოკლა. დიახ, ის არის მკვლელი და არა - მეომარი", - განაცხადა დიმა გნოლიძემ.
კვირის პალიტრა