საბერიოში დაღუპული 5 გოგონას მშობლებს მეექვსე შვილიც დაღუპული ჰყავთ... - რა უმძიმესი ინფორმაციას და დეტალებს ჰყვება ოჯახის ნათესავი?
5 იანვარს ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი გოგონა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ხუთშაბათს, 9 იანვარს დაკრძალეს. მათგან უფროსი ემილია 8 წლის იყო, უმცროსი სოფია - 8 თვის. ჭოლარიების ოჯახს ორი წლის წინ რამდენიმე კვირის ახალშობილი ბიჭი, ილია ჰყავს დაღუპული. დედა, მამა და ხუთი პატარა გოგონა ზუგდიდში დევნილთა დასახლების ერთოთახიან ბინაში სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ოკუპირებულ გალში, ბებიასთან იყვნენ სტუმრად. დედა ენგურს აქეთ, ზუგდიდის კლინიკაში იწვა, მამა ცოლის სანახავად იყო წასული.
მამუკა ძანძავა, ოჯახის ნათესავი: "ბავშვების მამა, ვიტალი ჩემი ბიძაშვილია. ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში დევნილთა დასახლებაა, ყოფილი პროფტექნიკუმის ორი 5-სართულიანი შენობიდან ერთ-ერთში ცხოვრობდნენ. 5 ბავშვი და დედ-მამა ცხოვრობდნენ ერთოთახიანში, ისიც სხვისი ბინაა. ორი ბავშვი საჯარო სკოლაში დადიოდა, პირველ და მეორე კლასებში. ორი ბავშვი მოსაზღვრე სოფლის, ახალი კახათის ბაღში დადიოდა, რადგან ჩვენთან ბაღი არ არის, ახლა აშენებენ, მეხუთე ბავშვი კი 8 თვის იყო. დედა, ქრისტინა სორდია, 24 წლისაა, მამა - 31 წლის, "ენგურჰესზე" მუშაობს კვირაში 2 დღეს, სხვა დროს ფიზიკურად შრომობს. მიუხედავად სიღარიბისა, ბავშვები ძალიან მოვლილები ჰყავდათ, არაფერს აკლებდნენ. ძალიან კარგი მშობლები იყვნენ.
საბერიოში ვიტალის დედა ცხოვრობს და ვიტალი ბავშვებით ძალიან ხშირად დადიოდა. ახლაც, სანამ არდადეგები დაიწყებოდა, მამამ წაიყვანა ბავშვები ბებიასთან. დედას თირკმელების პრობლემა ჰქონდა და ზუგდიდში საავადმყოფოში იწვა. მამა მის სანახავად იყო წასული. ამ ოჯახს მეექვსე შვილიც გარდაცვლილი ჰყავს. 2 წლის წინ რამდენიმე კვირის ახალშობილი ბიჭი დაეღუპათ ქუთაისის საავადმყოფოში".
ოჯახის ნათესავი ტრაგიკული დღის დეტალებსაც იხსენებს:
"5 იანვარს დილაადრიან გაუღვიძია ყველაზე პატარას ტირილით და ემილია, რომელიც დებში უფროსი იყო, აწყნარებდა. ბებიას ღუმელში ცეცხლი დაუნთია. შემდეგ ბავშვებს ჩასძინებიათ და ცეცხლი ჩამქრალა. იქვე საკუჭნაოში ბენზინიც და "სალიარიც" ერთნაირ 5-ლიტრიან ავზში ჰქონიათ შენახული და ცეცხლის ხელახლა დასანთებად ერთი 5-ლიტრიანი ავზი გამოუტანია ბიცოლაჩემს, ბავშვების ბებიას. შუქი არ ყოფილა და ბენზინი აუღია "სალიარის" ნაცვლად. როგორც კი ღუმელში შეუსხამს, აფეთქებულა. ნახევრად ჩამქრალი ყოფილა ცეცხლი და ნაკვერჩხლები უცებ აალდა. ბებია წაქცეულა, ის 5-ლიტრიანი ავზი ხელიდან გავარდნია და ბავშვების მხარეს წაქცეულა. ცეცხლი მძინარე ბავშვებს მოედო. ემილიას ეღვიძა თურმე, იქვე მდგარა.
ბებია გარეთ გამოვარდნილა და ყვირილი დაუწყია, რომ მეზობლები დახმარებოდნენ. სახლი ძველი იყო, ხის დაბალჭერიანი და ცეცხლი უცებ მოედო. როცა მეზობლები მოცვივდნენ, ცეცხლი უკვე ძალიან იყო მოდებული და ბიცოლაჩემი გონებაარეული კიოდა. მეზობლებს უკითხავთ, ბავშვები სად არიანო, და ამის გაგონებაზე წაქცეულა გულწასული. გამუდმებით დამამშვიდებლებზე ჰყავთ. სულ იმას გაიძახის, ბავშვები ჩამაბარეს საპატრონოდ და მე მოვკალიო", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მამუკა ძანძავამ.
კვირის პალიტრა