ახლახანს გახდა ცნობილი მკვლელის ვინაობა რომელმაც 30 წლის ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა და მეტროში ლიანდაგებზე გადააგდო – სავარაუდოდ რა ვერსია სახელდება
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია. ის კასპის რაიონის სოფელ ხანდაკიდან იყო. როგორც ახლობლები გვიყვებიან, თბილისში დროდადრო სამუშაოდ ჩამოდიოდა.
“ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას სამწუხაროდ. უბრალოდ ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს რატომ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
იმედია, გავარკვევთ, რატომ მოხდა ეს გვაინტერესებს და ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა არაფერი ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, არ იცნობდა ის დამნაშავეს. დაკავებული ამბობს თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ფიზიკურადაც არ ვიცით ვინ არის ის ადამიანი. მიდის გამოძიება, ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში. სხვა არაფერი ვიცით” – ამბობს მომხდარით შეძრული ლაშას ბიძაშვილი.
დამნაშავის სახელ-გვარს ჯერ არ ვასაჯროებთ, თუმცა გეტყვით მთავარს: სავარაუდოა, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ფაქტის თვითმხილველების თქმით, მას არაადეკვატური ქცევები ჰქონდა და იმასაც ამბობენ, იცინოდაო.