რატომ წაუკიდა ცეცხლი საკუთარ ცოლს გერმანიაში მყოფმა ქართველმა კაცმა? - გაირკვა 46 წლის მამაკაცის ვინაობა და გამიზნული ქმედების სავარაუდო მიზეზიც

ქართველი კაცი, 46 წლის თენგო კაკიაშვილი, რომელიც ტრამვაიში ცოლის დაწვის მცდელობის ფაქტზე იძებნებოდა, პოლიციაში თავად მივიდა და ჩაბარდა. როგორც გერმანიის პოლიცია იუწყება, 17 მარტს ის დილის 9 საათზე განყოფილებაში მივიდა და დანაშაული აღიარა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ფაქტი 15 მარტს მოხდა. გერმანულმა მედიამ მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის გმირებიც ქართველი ცოლ-ქმარი თენგო და დარეჯან კაკიაშვილები არიან. თენგიზ კაკიაშვილმა ტრამვაიში მეუღლეს აალებადი სითხე სახეში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა ქალაქ გერაში მოხდა. როგორც თვითმხილველები გერმანულ გამოცემასთან ჰყვებიან, ქალის გადარჩენა ტრამვაის მძღოლმა შეძლო. მან ცეცხლი ჩააქრო, ადგილზე კი სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. თენგიზ კაკიაშვილი კი ადგილიდან გაიქცა.
რაც შეეხება ამ მძიმე დანაშაულის მოტივს და საიდან არიან ცოლ-ქმარი, ახალი დეტალები for.ge-თვის გახდა ცნობილი. დარეჯან და თენგო კაკიაშვილები კახეთიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურიდან არიან. თენგო კაკიაშვილის სახლში სოფელ კალაურში ქართველი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და სახლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ.
როგორც მეზობლები ჩვენთან ჰყვებიან, ცოლ-ქმარი დიდი ხანია 16 წლის ვაჟთან ერთად გერმანიაში იმყოფებიან. მათ ასევე ორი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებიც დაოჯახებულები არიან და უცხოელ ქმრებთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მათთვისაც აღნიშნული ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო და მედიიდან შეიტყვეს. უჭირთ საუბარი, რა გახდა ამ მძიმე დანაშაულის მოტივი, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად მამაკაცის ეჭვიანობას ასახელებენ.
„უმძიმესი ამბავი მოხდა, ენით აუწერელი ტრაგედიაა. არ ვიცით, რა ვთქვათ, თენგო რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ვერ ვიჯერებთ. მშვიდი და გაწონასწორებული ბიჭია, ასეთ მძიმე გადაწყვეტილება რამ მიაღებინა ვერ ვხსნით. ერთ-ერთი ვერსია გვაქვს, რომ მოტივი ეჭვიანობაა. როგორც ვიცით, ტრამვაიში ერთად ჩასხდნენ და იქ მომხდარა უცბად ყველაფერი. სავარაუდოდ, მომზადებული იყო და ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა. სამი შვილი ჰყავთ, ორი გოგო, რომლებიც დაოჯახებულები არიან და ერთი 16 წლის ბიჭი. გერმანიაში მასთან ერთად ცხოვრობდნენ. თენგოს დედაც საბერძნეთში ემიგრაციაში უკვე 20 წელია რაც ცხოვრობს“, - ჰყვება თენგო კაკიაშვილის თანასოფლელი.
for.ge

